
14 აპრილს, დმანისის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედაენის დღე - საუკუნენახევრის საგანძურის, „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლის იუბილე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიეძღვნა ქართულ ენას, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს საფუძველს. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივად გაიხსენეს „დედა ენის“ მნიშვნელობა, მისი შექმნის ისტორია და ის გზა, რომელიც ამ წიგნმა თაობებს განათლებისა და ეროვნული თვითშეგნებისკენ გაუკვალა.
საზეიმო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლექსები, მცირე სცენები და მუსიკალური ნომრები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ქართული ენის სილამაზესა და ძალას.
„დედაენის დღე ჩვენს სკოლაში იქცა არა მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნად, არამედ სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვად მშობლიური ენის მიმართ - იმ მემკვიდრეობისადმი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ვიდეომასალა: