
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში ქართული ენის დღეს მიეძღვნა კვირეული, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა.
აღსანიშნავია, კვირეულის ფარგლებში გიმნაზიის Vlllა კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „ენა სულია ერისა“, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ მოვლენებს მიეძღვნა.
სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინე წულუკიძე უძღვებოდა.
გაკვეთილი საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს და მოამზადეს სხვადასხვა მასალა. ამან კი საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. მათ ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის როლზე ერის ცხოვრებაში და ხაზი გაუსვეს ქართული ენის დაცვასა და გაფრთხილებას.
გაკვეთილი მდიდარი იყო მხატვრული ნაწილითაც - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ქართულ ენას ეძღვნებოდა. ასევე შესრულდა სიმღერა და საგალობელი, რამაც განსაკუთრებული განწყობა შექმნა და გაკვეთილს საზეიმო ელფერი შესძინა.
„მოსწავლეთა ჩართულობამ და მონდომებამ ნათლად აჩვენა მათი დამოკიდებულება მშობლიური ენის მიმართ. გაკვეთილი იყო შემეცნებითი და ამაღელვებელი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ აზრს, რომ ენა მართლაც ერის სულია და მისი დაცვა თითოეული ადამიანის ვალია“,- აღნიშნავენ სკოლა-გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: