
მეცნიერების უახლესი მიღწევები, დიდი ადრონული კოლაიდერი, დეტექტორები და სამყაროს შექმნის საიდუმლოებები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც თბილისის №117 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები რამდენიმე კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეულმა ფიზიკის პედაგოგმა, ხათუნა ფარულავამ, ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გავლილი სტაჟირების შემდეგ, მიღებული ცოდნა და ემოციები საკუთარ მოსწავლეებსა და კოლეგებს გაუზიარა.
„CERN-ის მიზნები პირდაპირ ეხმიანება პოლ გოგენის ცნობილ კითხვებს: საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ? იქ მეცნიერები ცდილობენ აღადგინონ „დიდი აფეთქების“ შემდგომი პირველი წამები. დაუვიწყარი იყო დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) და მისი გიგანტური დეტექტორების, მაგალითად ATLAS-ისა და CMS-ის დათვალიერება, მიწის ქვეშ 87,9 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და მიმდინარე სამუშაოების გაცნობა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო შეხვედრა იქ მომუშავე ქართველ ფიზიკოსებთან.ჩვენ საშუალება მოგვეცა, საკუთარი თვალით გვენახა ის ადგილი, სადაც სამყაროს საწყისებს იკვლევენ“, - აღნიშნავს ხათუნა ფარულავა.
სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია ღვინაძის თქმით, პედაგოგის პროფესიული ზრდა სკოლისთვის პრიორიტეტია, რადგან ეს პირდაპირ აისახება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ქალბატონმა ხათუნამ დაბრუნებისთანავე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ყველა კლასში, პედაგოგებთან და მშობლებთან. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს თემატური კედლის გაზეთები და ელექტრონული პრეზენტაციები. შემაჯამებელი პრეზენტაცია - „CERN - სამყაროს საწყისების ძიება“, რომელიც დირექციის, კათედრის წევრებისა და ყველა დაინტერესებული პედაგოგისთვის გაიმართა, ცოდნის გაზიარების საუკეთესო მაგალითი იყო.
სასკოლო აქტივობების გარდა, №117 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ 2026 წლის 31 მარტს მონაწილეობა მიიღო CERN/IPPOG Masterclasses-ში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ეს საერთაშორისო მასტერკლასები თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება ისაა, რომ მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია და თავად გამოიკვლიონ ნაწილაკების რეალური მონაცემები.
„დღეს მეცნიერება ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თუ ამჟამად კვლევები 27-კილომეტრიან დიდ ადრონულ კოლაიდერში (LHC) მიმდინარეობს, მომავლის გეგმები 100-კილომეტრიან წრიულ კოლაიდერს (FCC) უკავშირდება. ეს პერსპექტივა არის გზა სამყაროს კიდევ უფრო ღრმა საიდუმლოებებისკენ, რომელთა ამოხსნაშიც, იმედი გვაქვს, №117 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და თემის შესახებ ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი