
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს კვირეული მიეძღვა, რომელიც სკოლაში ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.
კვირეული დატვირთული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტებით.
კვირეულის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დაეთმო რუსთაველის უკვდავ პოემას:
• გაიმართა სასკოლო კონფერენცია: მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები, სადაც სიღრმისეულად გააანალიზეს პოემის აქტუალობა და ფასეულობები.
• მოეწყო მოძრავი თეატრი: მე-9 კლასის მოსწავლემ, მარიამ ბუსხრიკიძემ შექმნა ორიგინალური დიორამა - „მოძრავი თეატრი“, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ სცენები ვიზუალურად გააცოცხლა და დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კვირეულის შემდეგი ეტაპი იყო - კალიგრაფია და ინტელექტუალური შეჯიბრი
სკოლის ფოიეში მოეწყო მოსწავლეთა კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული დამწერლობის სილამაზესა და უნიკალურობას.
განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად სკოლის გუნდს რაიონულ ინტელექტუალურ კონკურსში, რომელიც ქართული ენის ცოდნას ეძღვნებოდა. 20 საჯარო სკოლას ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპატიო მე-2 ადგილი დაიკავეს, რაც მათი მაღალი აკადემიური მომზადების დასტურია.
კვირეული ემოციური დასკვნითი აქტივობით დასრულდა. ჩატარდა დისტანციური გაკვეთილი სახელწოდებით - „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომელშიც ჭალის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მონაწილეობდნენ.
„ეს იყო ნამდვილი ზეიმი, რომელმაც დაადასტურა, რომ ენა არის ის მთავარი ძაფი, რომელიც სამშობლოსთან აკავშირებს თითოეულ ქართველს, სადაც არ უნდა იყოს იგი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: