მოქმედ სტუდენტებსაც ეხება ცვლილებები - უმაღლესებს ვადა პირველ მაისამდე აქვთ
28-04-2026

უნივერსიტეტებს პირველ მაისამდე აქვთ ვადა იმ სასწავლო პროგრამების გამოსაქვეყნებლად, სადაც 4-ის ნაცვლად 3-წლიანი სწავლება იქნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ ეს ვადა შესაძლოა დაკორექტირდეს.

„პირველი მაისია ასეთი „დედლაინი“, ჯერჯერობით განსაზღვრული. ეს საკანონმდებლო დონეზე არ არის, რა თქმა უნდა. ეს არის უნივერსიტეტების მიერ გაცხადებული თარიღი. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის მიხედვით, სანამ გადაწყობილი არ არის, ფიზიკურად ვერ იქნება 180 კრედიტი. მთავარია, რომ გაცხადებული პოლიტიკით პროგრამების 80% გადადის სრულად 3-წლიან დაფინანსების მოდელზე, რაც გულისხმობს 3-წლიან ბაკალავრიატს. საგამონაკლისო ნორმები სამინისტროს უკვე დადგენილი აქვს; ისევე როგორც მაგისტრატურაში გადავიდა ძირითადი ნაწილები, გადადის უფრო სწორად ერთწლიან მოდელებზე, 1+1 მოდელებზე გადაეწყობა, ზოგიერთი დარჩა ორწლიან კლასიკურ მოდელად.

შეთანხმების მიხედვით უნივერსიტეტებს აქვთ მათ მიერ მოთხოვნილი ვადა, დაახლოებით პირველი მაისამდე, თუმცა შესაძლებელია, ამან კორექტირება განიცადოს. მთავარია, რომ ჩვენ სტუდენტების ინტერესები არ დავაზარალოთ. ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში ჩავეტევით. არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა გაბისონიამ.

რა ტიპის საგნების ხარჯზე მოხდება საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების 240 კრედიტიდან 180 კრედიტამდე შემცირება, გაბისონიამ აღნიშნა, რომ განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის დაახლოებითი რეკომენდაცია იყო, რომ მსგავსი შემცირება „მაინორის“ და არჩევითი საგნების ხარჯზე მოხდეს.

„ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა მუდმივი კონსულტაციები უნივერსიტეტებთან. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იყო, რომ მოხდეს შემცირება 240 კრედიტიდან 180 კრედიტზე მაინორის და არჩევითი საგნების ხარჯზე, რომელიც იცით, რომ სავალდებულო არ არის და აღნიშნული კრედიტების შემცირება ძალიან გაამარტივებს და ამას არ სჭირდება რეაკრედიტაცია, იმიტომ, რომ შედეგს არ ცვლის, სწავლის შედეგს. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფუნდამენტურად ცვლილებები შეიტანოს და ძირითადი საგნები შეცვალოს, დაამატოს ან გამოაკლოს, მაშინ მოუწევს რეაკრედიტაციაზე გასვლა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203