
რუსთავის N3 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, გაიმართა დედაენის კვირეული, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ენის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრეს საყრდენს.
კვირეულის ფარგლებში მთელი სკოლის მასშტაბით ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები - როგორც ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, ასევე თემატური ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ კვირეულის პროგრამა კიდევ უფრო გამდიდრდა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსებით, რომლებმაც მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა.
კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი იყო დაწყებითი საფეხურის, კერძოდ, პირველი კლასების მიერ სკოლის დერეფანში წარმოდგენილი პერფორმანსი. პატარებმა დიდი ემოციითა და გულწრფელობით წარმოაჩინეს ქართული ენის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. მათი წარმოდგენა იყო სიმბოლური შეხსენება იმისა, რომ ენა ცოცხალია მაშინ, როცა ის თაობიდან თაობას სიყვარულით გადაეცემა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კვირეულის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის - ხათუნა დვალაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა მე-10 ა კლასი, ხოლო პედაგოგებად წარდგენილნი იყვნენ - ხათუნა დვალაშვილი და ნაზილა ხალილოვა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დასკვნითი ღონისძიება ერთგვარად იქცა ქართული სიტყვის ზეიმად.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ქართული ენა - ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი სული და ისტორიის ცოცხალი ხმაა. ქართული სიტყვა უძლებს საუკუნეებს, ინარჩუნებს თავის ძალას და მნიშვნელობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„სიტყვას არ აქვს საზღვარი... ის გადადის ქვეყნებს შორის, პოულობს გზას გულიდან გულამდე“ - სწორედ ამ იდეის ირგვლივ აშენდა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი დიდი პოეტის - ტიციან ტაბიძისა და სერგეი ესენინის შემოქმედებით დიალოგს. მათი ურთიერთობა წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ როგორც მეგობრობა, არამედ როგორც პოეზიის ენით წარმართული სულიერი კავშირი, რომელიც სცდება დროისა და სივრცის საზღვრებს.
კვირეულის ყველა აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სკოლა არა მხოლოდ ცოდნის მიღების სივრცეა, არამედ ის ადგილია, სადაც ყალიბდება ეროვნული თვითშეგნება, ენის სიყვარული და კულტურული ღირებულებების პატივისცემა.
„დედაენის კვირეული სსიპ ქალაქ რუსთავის N3 საჯარო სკოლაში იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო პროცესი გადაიქცეს შთამაგონებელ კულტურულ მოვლენად, რომელიც მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ღირებულებებსაც გადასცემს“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: