
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „დედაენა-ძეგლი სამარადისო“.
აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. მათ ისაუბრეს ამ ისტორიულ თარიღსა და მის მნიშვნელობაზე, დამსწრე საზოგადოებას უამბეს დედაენის ძეგლის შესახებ, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ენის სიწმინდეს, სიძლიერესა და მნიშვნელობას. უკეთ გაიაზრეს ქართული ენის ისტორიის არსი.
ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ლამაზი ფრაზები მიუძღვნეს დედა ენას.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიულოცეს დედაენის დღე და მოსწავლეებს შეახსენეს ქართული ენის მნიშვნელობა ერის იდენტობის შენარჩუნებაში და მოუწოდეს ყოველთვის დაიცვან და გაყფრთხილდნენ დედაენას.