
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
რაღა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას.
სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ეთერ გიკაშვილმა მე-9 კლასში (დამრიგებელი მაია რიჟამაძე) 9 აპრილთან დაკავშირებით ჩაატარა მინი ლექცია დევიზით - „9 აპრილი გვტკივა“.
ლექციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს დაევალათ დამატებით ინფორმაციის მოძიება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე.
მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი მოძიებული თემები პრეზენტაციის სახით და აღნიშნეს, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები: