
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პროექტის - „პატარა მედიაგმირები: როგორ გავხდეთ ჭკვიანი მაყურებლები და მკითხველები“ ფარგლებში, IV კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს ეკატერინე ჩიტაურის ზღაპარზე - „მელანო და კეთილი გულის ქალაქი“.
აქტივობა დაკავშირებული იყო მუსიკის საგაკვეთილო თემასთან - ანიმაცია, რამაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და შინაარსიანი გახადა. ზღაპრის ნახვისა და განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს არა მხოლოდ სიუჟეტზე, პერსონაჟებსა და მათ ქცევებზე, არამედ იმაზეც, თუ რა როლს ასრულებს მუსიკა ანიმაციაში, როგორ ქმნის იგი განწყობას და როგორ ეხმარება მაყურებელს ემოციების უკეთ აღქმაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ გააზრებულ, დაკვირვებულ და კრიტიკულ მაყურებლებად და მკითხველებად, ისეთ ბავშვებად, რომლებიც ხედავენ, უსმენენ, აანალიზებენ და აფასებენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პერსონაჟების გადაწყვეტილებების გააზრებას, ღირებულებების გამოკვეთას, ასევე ფანტაზიისა და რეალობის გარჩევას.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. მათ შექმნეს თემატური კედლის გაზეთი, სადაც ასახეს საკუთარი შთაბეჭდილებები, შეფასებები, ზღაპრის მთავარი სათქმელი და პერსონაჟების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ნაწილმა ნამუშევარი გაამდიდრა ილუსტრაციებითა და შემოქმედებითი ხედვით, რამაც პროექტს განსაკუთრებული სითბო და ორიგინალურობა შესძინა.
პროექტის შედეგად ხელი შეეწყო: მედიატექსტის გააზრებას, ანიმაციაში მუსიკის როლის აღქმას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას, პასუხისმგებლიანი მაყურებლისა და მკითხველის ჩამოყალიბებას.
სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელს - ევგენია ხუციშვილს და IV კლასის მოსწავლეებს საინტერესო, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული პროექტის განხორციელებისთვის.
დირექტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აერთიანებს ცოდნას, ემოციას, შემოქმედებითობასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლას.
„ვულოცავთ ჩვენს პატარა მედიაგმირებს ამ ლამაზ, საინტერესო და მნიშვნელოვან ნაბიჯს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ შემოქმედებით წარმატებას!“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: