ბავშვების წარმოსახვის, თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი განვითარებისკენ მიმართული აქტივობები სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
21-04-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - ნინო ლოლაშვილმა I, IV და V კლასებში განახორციელა მრავალფეროვანი და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

IV კლასის მოსწავლეებმა შერეული ტექნიკის გამოყენებით შექმნეს დიორამა თემაზე - „წყალქვეშა სამყარო“. ნამუშევრებში მოსწავლეებმა გამოიყენეს აპლიკაცია, კოლაჟი და სხვადასხვა მხატვრული ხერხი. მათ გამოსახულებები წარმოადგინეს როგორც სტატიკურ, ისე დინამიკურ მდგომარეობაში და სწორად გაითვალისწინეს წინა და უკანა ხედის განთავსება, რამაც ნამუშევრებს სივრცითობა და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტი შესძინა.

I კლასის მოსწავლეებმა აპლიკაციის ტექნიკით შექმნეს ბუნების ხედი, სადაც გამოიყენეს სწორი, კლაკნილი, ტეხილი, ტალღოვანი და ხვეული ხაზები, ასევე თბილი და ცივი ფერები. ამ აქტივობამ პატარებს ხელი შეუწყო როგორც ფერებისა და ხაზების გარჩევაში, ისე წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარებისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარებაში.

V კლასის მოსწავლეებმა შექმნეს მოზაიკური გამოსახულებები და საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინათ ინდივიდუალური ხედვა, შემოქმედებითი მიდგომა და პრაქტიკულ მუშაობაში მიღებული ცოდნა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, მხატვრული ტექნიკების გაცნობა, ფერის, ხაზისა და ფორმის აღქმის გაღრმავება, ასევე საკუთარი ნამუშევრისადმი პასუხისმგებლობისა და ესთეტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

შედეგად, მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო, მრავალფეროვანი და შინაარსიანი ნამუშევრები, იმუშავეს ხალისით, მონდომებითა და დიდი ინტერესით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნების გაკვეთილი მნიშვნელოვანი სივრცეა ბავშვების წარმოსახვის, თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი განვითარებისათვის.

სკოლა და სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის პედაგოგ ნინო ლოლაშვილს გაწეული შრომისა და საინტერესო აქტივობებისთვის, ხოლო მოსწავლეებს უსურვებს კიდევ ბევრ წარმატებას, ახალ იდეებსა და შემოქმედებით მიღწევებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203