„ენა სულია ერისა“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
20-04-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ღონისძიება - „ენა სულია ერისა“, რომელშიც მონაწილეობდნენ I–XII კლასების მოსწავლეები. ღონისძიებას ორგანიზატორობა გაუწიეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თამილა ნადირაშვილმა და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - რიტა ოთარაშვილმა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს გააზრებული ჰქონოდათ ქართული ენის მნიშვნელობა, მისი როლი ეროვნული იდენტობის, კულტურული მეხსიერებისა და ღირებულებების შენარჩუნებაში, ხოლო მშობლიური ენის მიმართ პასუხისმგებლობა ქცეულიყო არა მხოლოდ სიტყვად, არამედ განცდად, დამოკიდებულებად და აქტიურ მონაწილეობად.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური სიტყვები, მონოლოგები, ლექსები, ინსცენირებები, სპექტაკლი, სიმღერები, ცეკვები, პოსტერები, კედლის გაზეთი და თემატური გაფორმება. თითოეულმა კლასმა ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში. ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთ იდეაში - ქართული ენა არის ჩვენი სულიერი ძალა, კულტურული ხსოვნა და ეროვნული თვითმყოფადობის საყრდენი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, I–XII კლასების მოსწავლეები და მათი დამრიგებლები, რაც ამ დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და საზეიმო მნიშვნელობას ანიჭებდა.

მოსწავლეთა ჩართულობა გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, გუნდური მუშაობითა და შემოქმედებითი მიდგომით. სასცენო ნომრებმა, მხატვრულმა სიტყვამ, მონოლოგებმა, სიმღერებმა და ქორეოგრაფიულმა ეპიზოდებმა შექმნა ემოციური, ამაღლებული და ღირებულებებით დატვირთული გარემო. პარალელურად წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერები, კედლის გაზეთი, გრაგნილები და თემატური კუთხე, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო გამორჩეული სახე მისცა.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილე მოსწავლეებსა და პროექტის ორგანიზატორებს გადაეცათ მადლობის სიგელები, რაც მათი შრომის, აქტიურობის, შემოქმედებითი ჩართულობისა და მშობლიური ენისადმი გამოხატული სიყვარულის ღირსეული დაფასება იყო. ამან ღონისძიებას კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა და მოსწავლეებში გაზარდა მოტივაცია, პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

„ამ დღის მთავარი შედეგი იყო არა მხოლოდ ლამაზად წარმოდგენილი პროგრამა, არამედ ის შინაგანი განცდა, რომელიც მოსწავლეებმა ქართული ენისადმი პატივისცემის, სიყვარულისა და პასუხისმგებლობის სახით გამოავლინეს“,- გვეუბნებიან სკოლაში

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური განსაკუთრებულ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს - რიტა ოთარაშვილსა და თამილა ნადირაშვილს, ასევე ყველა მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის, მონდომებისთვის და მშობლიური ენის სიყვარულის ასეთი ლამაზი და ღირსეული გამოხატვისთვის. სასიხარულოა, რომ მათი შრომა მადლობის სიგელებითაც დაფასდა.

„ქართული ენა ჩვენი ეროვნული ძალაა, და სასიხარულოა, როცა ეს ძალა ბავშვების გულებში ასე ნათლად ცოცხლობს. ვულოცავთ ჩვენს სკოლას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ შინაარსიან, ემოციურ და წარმატებულ ღონისძიებას! გისურვებთ კიდევ ბევრ ისეთ დღეს, რომელიც ჩვენს ენას, კულტურასა და ეროვნულ სულიერებას გააძლიერებს“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203