ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ღია გაკვეთილზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს 
20-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სახალისო თავგდასავალია

ამჯერადაც, სკოლაში განსაკუთრებული მუხტი და სიხალისე იგრძნობოდა. საკლასო ოთახი სავსე იყო სითბოთი და მოლოდინით, რადგან ტარდებოდა ღია გაკვეთილი თემაზე „მელია და ზღარბი“. გაკვეთილს ესწრებოდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლები და სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინგლისური ენის მასწავლებლის, კარინე გრიკიკიანის ძალისხმევით საკლასო ოთახი პატარა სცენად გადაიქცა, სადაც თითოეულ მოსწავლეს თავისი როლი ჰქონდა. გაკვეთილი დაიწყო საინტერესო საუბრით, რის შემდეგაც მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, თამაშებში, კითხვა-პასუხსა და ჯგუფურ სამუშაოებში. მათ თვალებში ინტერესის ნაპერწკალი ჩანდა, ხოლო საუბარში - თავდაჯერებულობა.

გაკვეთილის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი იყო როლური თამაში. ზღაპარი „მელია და ზღარბი“ ბავშვების შესრულებით გაცოცხლდა. პატარა მსახიობებმა დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით წარმოადგინეს პერსონაჟები და გადმოსცეს ისტორიის მთავარი აზრი - რომ ჭკუა და ეშმაკობა ყოველთვის ვერ სჯობნის სიმარტივესა და სიფრთხილეს.

მშობლები და დირექტორი აღფრთოვანებით ადევნებდნენ თვალს გაკვეთილს და აფასებდნენ როგორც ბავშვების აქტიურობას, ისე მასწავლებლის შემოქმედებით მიდგომას.

„გაკვეთილის ბოლოს ყველას სახეზე შეიმჩნეოდა ღიმილი და კმაყოფილება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203