წინარეხის საჯარო სკოლაში ღონისძიება პატრიარქის სიტყვებით გაიხნა
16-04-2026

კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული ენის მნიშვნელობასა და მის სულიერ ღირებულებებს მიეძღვნა.

ღონისძიება გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ევა მარჯანიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას პატრიარქ ილია მეორის გამონათქვამები გააცნო ქართულ ენასა და ანბანზე, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დედაენის განსაკუთრებულ როლს ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერი ერთობის შენარჩუნებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლების - ნინო მერებაშვილისა და თინათინ თვაურის ხელმძღვანელობით იყვნენ მომზადებული. ისინი სიყვარულითა და ემოციით კითხულობდნენ ლექსებს, რომლებშიც მკაფიოდ იგრძნობოდა ქართული ენის სილამაზე და სიძლიერე. თითოეული შესრულება იყო პატივი ჩვენი წინაპრებისადმი და ერთგვარი დაპირება — რომ ჩვენ დავიცავთ და შევინარჩუნებთ ჩვენს უნიკალურ ენას.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრეებს, რომ დედაენა ჩვენი სულიერი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება და სიყვარული სჭირდება.

„ჩვენი ვალია, დავიცვათ იგი, გავუფრთხილდეთ და ღირსეულად გადავცეთ მომავალ თაობებს“, - ამ შეგონებით დასრულდა აქტივობა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203