
მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის საჯარო სკოლაში დღეს განსაკუთრებული მუხტი იგრძნობოდა - აქ ქართული სიტყვის, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სულის საძირკვლის, დედაენის დღე იზეიმეს. დღე, როდესაც მთების სიმტკიცე და ქართული ენის მელოდიურობა ერთმანეთს შეერწყა.
„ენაა ჩვენი იდენტობის საფუძველი“ - ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის დედაენა კულტურისა და ისტორიის ის უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც წარსულს მომავალთან აკავშირებს.
სკოლის კედლებში გაჟღერებულმა თითოეულმა ლექსმა და სიმღერამ დამსწრეებს შეახსენა, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომელსაც ქართული სიტყვის მსახურება ჰქვია. ბავშვების მიერ შესრულებული ქართული სიმღერები კი იმ იმედის სიმბოლოდ იქცა, რომ მომავალი თაობა ჩვენს ენას სათუთად და ერთგულად დაიცავს.
ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო ენის სიწმინდის შენარჩუნება. როგორც სკოლაში აღნიშნეს, ჩვენი ვალია, ქართული სიტყვა მომავალ თაობებს გადავცეთ ზუსტად ისეთივე სუფთა, ლამაზი და ხელშეუხებელი, როგორიც ის საუკუნეების განმავლობაში ჩვენამდე მოვიდა.
„დედაენა ჩვენი საუნჯეა, მისი გაფრთხილება კი თითოეული ჩვენგანის პირადი ვალია“, - ეს სიტყვები ღონისძიების მთავარ ლაიტმოტივად იქცა.
„მულახის საჯარო სკოლის გუნდი და მოსწავლეები მთელ საქართველოს ულოცავენ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. დაე, ყოფილიყოს ეს დღე დასაბამი კიდევ უფრო მეტი სიყვარულისა და პატივისცემისა ჩვენი მშობლიური ენის მიმართ.
გავუფრთხილდეთ ქართულ სიტყვას, რადგან მასშია ჩვენი ძალა და გადარჩენა!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.