არსებობს ფასეულობები, რომლებიც ყველას აერთიანებს, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა. 14 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აზავრეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სწორედ ასეთი ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ქართული ენისადმი დიდი სიყვარულის დასტური იყო.
განსაკუთრებით ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენა არის გზა მეგობრობისკენ, საერთო კულტურისა და წარმატებული მომავლისკენ.
ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები ჩაერთნენ, რამაც დღესასწაულს მრავალფეროვნება შესძინა:
მეორეკლასელებმა თემატური ლექსებითა და სიმღერებით ჟრიამული შემოიტანეს, მეხუთეკლასელებმა წარმოაჩინეს, თუ როგორ ეუფლებიან ქართულ დამწერლობასა და კულტურას, მეათეკლასელებმა კი ღონისძიებას სერიოზულობა და სიღრმე შემატეს - ისაუბრეს ქართული ენის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე და იმ ისტორიულ მოვლენებზე, რამაც 14 აპრილი სიმბოლოდ აქცია.
აზავრეთის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება გახლდათ კულტურათა შორის დიალოგი; მოსწავლე-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შრომით, მონდომებითა და ერთმანეთის პატივისცემით ნებისმიერი ბარიერი გადაილახება, ხოლო სახელმწიფო ენის დღე არის დღესასწაული, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.