შემოუერთდით კითხვის მარათონს - ბახვის სკოლაში წიგნის მოყვარულთა შთამბეჭდავი შეხვედრა გაიმართა
16-04-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა მორიგი, უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრა გაიმართა. ამჯერად შეხვედრას მეცხრე კლასის მოსწავლეები დამრიგებელ, ლუდმილა შონიასთან ერთად მასპინძლობდნენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ კითხვა მათთვის მხოლოდ სასწავლო პროცესი არ არის. ეს არის ემოციების, აზრებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის გზა.

წელიწადში ორჯერ გამართული ეს შეხვედრები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ წაკითხული ლიტერატურით მიღებული შთაბეჭდილებები და განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი თემები. ამჯერად დისკუსიის ცენტრში როგორც მსოფლიო კლასიკოსები, ისე თანამედროვე ქართული ავტორები მოექცა.

მოზარდებმა განსაკუთრებული ინტერესით ისაუბრეს ისეთ მწერლებზე, როგორებიც არიან დოსტოევსკი, შექსპირი და მარკ ტვენი, ასევე გააზიარეს საკუთარი დამოკიდებულებები თანამედროვე ქართულ ნაწარმოებებზე. შეხვედრა ცოცხალი დიალოგით, განსხვავებული აზრებითა და გულწრფელი ემოციებით იყო სავსე.

განხილულ წიგნებს შორის იყო:

დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“,
ფიოდორ დოსტოევსკის „მოთამაშე“,
უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“,
სოფო არდიას „გოგონა პიკასოს ნახატიდან“,
თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“,
მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“.

ბახვის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის საჯარო სკოლა მოგიწოდებთ: „შემოუერთდით კითხვის მარათონს! რომელია თქვენი რჩეული ამ წიგნებიდან?“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203