ერთად დავიცვათ ქართული ენა! - თბილისის N132 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული კვირეული ჩატარდა
16-04-2026

1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა გადაარჩინა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი, რის გამოც ეს დღე დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნება.

თბილისის №132 საჯარო სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ქართული და რუსული სექტორის კლასებში დედაენის დღეს მრავალფეროვანი, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული კვირეული მიეძღვნა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის გაღრმავება და მისი მნიშვნელობის გააზრება იყო.

მოეწყო პრეზენტაციები და დისკუსიები 1978 წლის მოვლენებზე და ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე; მოსწავლეებმა მოისმინეს ვიდეოლექციები და იმუშავეს პროექტზე „ენა დედაა ერისა“; ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი; შექმნეს კედლის გაზეთები, ფლაერები და ხელნაწერი ჟურნალები თემაზე - „დაიცავი ქართული ენა!“; ასევე ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართული ენის ისტორიაზე, მის წარმოშობასა და განვითარების ეტაპებზე.

პედაგოგ თამარ ნათაძის ხელმძღვანელობით, .მე-3 „გ“ კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე; 
 
შორენა ცაბაძის ხელმძღვანელობით, კვირეულის ფარგლებში V „ა“, VI „ბ“, X „ბ“ და XI „ბ“ კლასებში მრავალი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა, საშუალო საფეხურის კლასების მოსწავლეებმა მოისმინეს რამდენიმე ვიდეოლექცია სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით, ასევე პროექტის - „ენა დედაა ერისა“, ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი დაწყებით (მე-5 და მე-6) კლასებში. 
 
პედაგოგ ინგა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით თბილისის N132 საჯარო სკოლის რუსული სექტორის V „დ“, VIII „ბ“, IX „დ“ და X „დ“ კლასების მოსწავლეებმა ისაუბრეს 1978 წლის აპრილში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და ქართულის, როგორ სახელმწიფო ენის მნიშვნელობის შესახებ. ასევე წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები და პოსტერები.
 
პედაგოგმა თამარ ილურიძემ კი მე-9 „ბ“ კლასის მოსწავლეებთან ერთად ქართული ენის ისტორიულ ლაბირინთებში იმოგზაურა: ეს გახლდათ მსჯელობა ქართული ენის წარმოშობისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, მისი განვითარების ეტაპებზე და ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილზე. 
 
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის დაცვისა და გაფრთხილების აუცილებლობას. ხაზი გაესვა მისი უნიკალურობისა და მნიშვნელობის საკითხს მსოფლიოს უძველეს ენებსა და კულტურებთან მიმართებაში“.
 
ცისანა ლილუაშვილმა და სალომე ნებიერიძემ მე-4 „ა“ კლასის მოსწავლეებთან ერთად მოუწოდეს ყველას -  „ერთად დავიცვათ ქართული ენა!“
 
ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა რუსული სექტორის IV კლასში (დამრიგებელი ზიტა შაგინიანი). ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, გაკვეთილი ჩატარდა. ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ნინო ნაფეტვარიძემ ისაუბრა ენის მნიშვნელობაზე. მოსწავლეები გაეცნენ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და ცნობილ მოთხრობებს, გააკეთეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს პრეზენტაცია.
 
ქართული ენის უნიკალობასა და მისი დაცვის აუცილებლობას მიეძღვნა ნანა ყარაჯაშვილის მიერ მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი აქტივობებიც; 
 
ნინო მელქაძის ჩართულობით კი, V „გ“ და VI „ა“ კლასების მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი - „14 აპრილი დედა ენის დღეა!“ ფლაერები - „დაიცავი ქართული ენა!“, ასევე ხელნაწერი ჟურნალები.
 
იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203