
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება განსაკუთრებული ემოციითა და შთამბეჭდავი აქტივობებით გაიმართა. ღონისძიება დაიწყო სიტყვებით - „შენ ხარ ვენახი, ზეიმივით მშვენიერი ხარ“, რაც დასაწყისშივე უსვამდა ხაზს ქართული ენის სილამაზესა და მნიშვნელობას.
მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში და საკუთარი შემოქმედებითი გამოხატეს პატივისცემა მშობლიური ენისა და დამწერლობის მიმართ. მოსწავლეების მიერ შექმნილ პოსტერებსა და ხელნაკეთ ნამუშევრებში ნათლად ჩანდა ქართული ენისადმი სიყვარული მოწიწება და პატივისცემა.
ქართული ენის განვითარების მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე ვრცლად ისაუბრეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, ნანა ფოცხიშვილმა და ქეთევან დოლიძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის შენარჩუნება და მისი სწორი გამოყენება თანამედროვე საზოგადოებაში. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა.
აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ენისა და კულტურისადმი სიყვარულის ჩამოყალიბებაში.
იხილეთ ფოტოები: