
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნახუნაოს საჯარო სკოლაში ეროვნული ღირებულებები და პატრიოტული მხოლოდ სიტყვები კი არა, სკოლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და ის მყარი საძირკველია, რომელზეც თითოეული მოსწავლის პიროვნული ღირებულებები შენდება.
ამის დასტურია დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული მანიფესტი - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ისეთი მრავალფეროვანი პროგრამა, რომელმაც მაყურებელი პირველივე წუთებიდანვე მოაჯადოვა.
„ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა ქართული ენისადმი სიყვარული, პატივისცემა და ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობები“, - ნათქვამია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბავშვებმა ისაუბრეს ქართული ენის ფასდაუდებელ მნიშვნელობაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები, მუსიკალური ნომრები და კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაწერეს მშობლიური სკოლის ისტორიაში.
ღონისძიების მსვლელობისას დარბაზში საოცარი მუხტი სუფევდა - თითოეული ნომერი თუ გამოსვლა ერთიან ეროვნულ მოზაიკას ქმნიდა, რამაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რაოდენ დიდია ქართული სიტყვის ძალა.
„აღნიშნული ღონისძიების მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს - ლიანა ბერიას, ლეილა ბაძაღუას, ელენე გაბეშიას, ასევე მუსიკის მასწავლებელს რუსუდან ძიძიგურს, რომელთა მხარდაჭერითა და შრომით შესაძლებელი გახდა ასეთი შინაარსიანი და დასამახსოვრებელი დღის ორგანიზება“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.