
არსებობს დღეები, რომლებიც ეროვნულ იდენტობას განსაკუთრებული ემოციურობით გვახსენებს. 14 აპრილი სწორედ ასეთი თარიღია - დღე, როდესაც ქართულმა სულმა საკუთარი ენის დასაცავად შეუძლებელი შეძლო. ამ დიდებულ ისტორიულ მემკვიდრეობას, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ემოციური და მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს.
I-VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ნამდვილ დღესასწაულად იქცა - პატარების მიერ წარმოთქმული თითოეული ლექსი და გაჟღერებული სიმღერა იყო ერთგვარი ფიცი და სიყვარულის ახსნა იმ ენის მიმართ, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე „სულსა და გულს“ ეძახდნენ.
ღონისძიების ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა: ელისო ქუხილავამ და ლორიტა ჭაავამ, შეძლეს შეექმნათ გარემო, სადაც ბავშვებმა არა მხოლოდ გაიაზრეს ქართული სიტყვის ფასი, არამედ მთელი არსებით შეიგრძნეს იგი.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კალიგრაფიის კონკურსმა, რომელიც ქართული დამწერლობის ვიზუალურ სილამაზეს მიეძღვნა. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების, ნინი ქუხილავასა და ანასტასია არქანიას ნაშრომებმა დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. მათ მიერ გამოყვანილი თითოეული გრაფემა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ქართული ანბანი ნამდვილი ხელოვნებაა, რომლის მოფრთხილებაც მომავალი თაობების ვალია.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო დღესასწაული მხოლოდ შემოქმედებითი ნომრებით არ შემოფარგლულა. ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა - „ქართული ენა“, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა და ერუდიცია გამოავლინეს. მონაწილეებს კი, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი კითხვებს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები. სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ელისო ქუხილავასა და ლორიტა ჭაავას გაწეული შრომისა და ამაგისთვის.