14 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით აღინიშნა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად მოამზადეს ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ენის სიყვარულსა და მის ისტორიულ მნიშვნელობას მიეძღვნა. სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა იმ უდიდესი საუნჯის გარშემო, რასაც ქართული ენა ჰქვია, და პატივი მიაგო მათ, ვინც 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ეროვნული იდენტობა დაიცვა.
მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული ღონისძიება მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით გამოირჩეოდა - ბავშვებმა ისაუბრეს „დედაენის დღის“ ისტორიულ მნიშვნელობაზე, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს წლებისწინანდელი მოვლენები და ერის შემართება, რამაც ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნა - მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვებმა კი ღონისძიებას ნამდვილი სახალხო დღესასწაულის იერი შესძინა.
აქვე უნდა ითქვას, რომ შემოქმედებითი პროცესი დარბაზის ფარგლებს გასცდა - მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები და თემატური ნამუშევრები, სადაც ასახეს ქართული ანბანის სილამაზე, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და მოსწავლეთა თემატური ჩანახატები.
ეს ღონისძიება გახლდათ ორჯის საჯარო სკოლის წარმომადგენელთა გზავნილი, რომ ქართული ენა ჩვენი მომავლის საძირკველია და მისი გაფრთხილება თითოეული მოსწავლე-პედაგოგის უპირველესი ვალია.