„ჯვარცმის და აღდგომის ხატების იკონოგრაფია“- ღია გაკვეთილი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში
16-04-2026

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში 3 აპრილს გამორჩეული საგანმანათლებლო აქტივობა შედგა - მე-7 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თინათინ ბარათაშვილის ხელმძღვანელობით, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ღია გაკვეთილი წარმოადგინეს. შეხვედრის თემას კი „ჯვარცმის და აღდგომის ხატების იკონოგრაფია“ წარმოადგენდა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სკოლის სულიერი პროფილისა და სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.

გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს არა მხოლოდ ვიზუალურად აღეწერათ ჯვარცმისა და აღდგომის ხატები, არამედ ჩაღრმავებოდნენ მათ სიმბოლურ დატვირთვას. პედაგოგმა ყურადღება გაამახვილა იკონოგრაფიულ დეტალებზე, რომლებიც მორწმუნე ადამიანს ეხმარება ხატზე გამოსახული ისტორიის აღქმაში. მოსწავლეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ შეესაბამება თითოეული ფერი, ფიგურა და კომპოზიციური წყობა სახარებისეულ ტექსტს, რაც ხელოვნების ნიმუშს სულიერ სარკმლად აქცევს.

პროცესი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყო. გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საგნობრივი ინტეგრაცია აღმოჩნდა: მეშვიდეკლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე მიღებული ახალი ინფორმაცია წარმატებით დაუკავშირეს საღმრთო სჯულის ფარგლებში შესწავლილ მასალას. ამგვარმა მიდგომამ მათ საშუალება მისცა, სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ ქრისტიანული ხელოვნებისა და დოგმატიკის ურთიერთკავშირზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღია გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნებისა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. თინათინ ბარათაშვილის მიერ ორგანიზებულმა აქტივობამ ცხადყო, რომ ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. გაკვეთილმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ კიდევ უფრო შეაყვარა ხატწერის საოცარი სამყარო, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203