„სპორტი გზაა უკეთესი მომავლისკენ“ - საინტერესო ღონისძიება და ოლიმპიური სულისკვეთება ნაბახტევის საჯარო სკოლაში
16-04-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-9 კლასში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამორჩეული საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა დევიზით - „სპორტი გზაა უკეთესი მომავლისკენ“. 

შეხვედრის ინიციატორი გახლდათ სპორტის პედაგოგი, ნიკოლოზ ფაფაკერაშვილი, რომელიც მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, კლასის დამრიგებელთან - მაია რიჟამაძესთან ერთად, ესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე. 

გაკვეთილზე, რომელიც სპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა,  ნიკოლოზ ფაფაკერაშვილმა მოსწავლეებთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობა მიმოიხილა. პედაგოგმა დეტალურად ისაუბრა თითოეული მიმართულების დადებით და უარყოფით მხარეებზე, რაც მოზარდებს დაეხმარა იმის გააზრებაში, თუ რა სარგებელთან არის დაკავშირებული ფიზიკური აქტივობა. დისკუსიამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, კრიტიკულად შეეფასებინათ სპორტის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და პიროვნულ განვითარებაში.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ოლიმპიური თამაშების ისტორიამ და მათმა წარმოშობამ. მასწავლებელმა აქცენტი გააკეთა საქართველოს სახელით მოასპარეზე ოლიმპიური ჩემპიონების წარმატებაზე და ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებისთვის ქართველი სპორტსმენების მოღვაწეობა  თუ მიღწევები აღმოჩნდა მთავარი შთაგონების წყარო, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ინტერესი პროფესიული სპორტის მიმართ.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რამაც მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყო. გაკვეთილის დასასრულს კი ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოზარდებში მოტივაციის ამაღლებას და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მიიჩნევენ, რომ სპორტული სულისკვეთების გაღვივება აუცილებელია ჯანსაღი და წარმატებული მომავალი თაობის აღსაზრდელად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203