„პატარა ხელები დიდი სიყვარულით“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წვლილი ეზოს გამწვანებაში
14-04-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის ეზოში მიმდინარე გამწვანებითმა სამუშაოებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მეორე კლასის მოსწავლეებში.

ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, თავადაც მიეღოთ მონაწილეობა სასკოლო გარემოს გალამაზება-გამწვანებაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ სკოლის კეთილმოწყობაში.

მოსწავლეებმა, მშობელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით, სკოლაში მიიტანეს პოლმოლივების ნერგები და აქტიურად ჩაერთნენ დარგვის პროცესში. აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ სკოლის თანამშრომლებიც, სკოლის ბუღალტერი ქალბატონი როზა საკანელაშვილი, სკოლის დიასახლისები - ქალბატონი ქეთევან ოქროჯანაშვილი, ქალბატონი ეთერი ფაჩხატაშვილი, სკოლის მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორი ბატონი გურამ სარდლაშვილი, რომლებმაც სკოლის ეზოს გასალამაზებლად მოიტანეს ყვავილების ნერგები და ბზის ნერგები. კლასის დამრიგებლების, მშობლების, სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით სკოლის ეზო კიდევ უფრო გამწვანდა, მოწესრიგდა და გალამაზდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოზე ზრუნვის კულტურის, პასუხისმგებლობის გრძნობის, შრომითი უნარებისა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის გაძლიერება. იმავდროულად, მნიშვნელოვანი იყო სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენა.

პროექტის შედეგი თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შეიტანეს წვლილი სკოლის ეზოს გამწვანებასა და გალამაზებაში, სასკოლო გარემო კი კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე და მოწესრიგებული გახდა. აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ მოსწავლეთა, მშობელთა და სკოლის თანამშრომელთა ერთიანი ჩართულობა დადებითად აისახება როგორც სასკოლო სივრცის განვითარებაზე, ისე მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, მზრუნველობისა და საერთო საქმისადმი პატივისცემის ჩამოყალიბებაზე.

სკოლის დირექტორის ეკატერინე ჩიტაური მადლობას უხდის მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას აქტიურობისა და სასკოლო გარემოზე გულმოდგინე ზრუნვისთვის. 

„მადლობას ვუხდი ჩვენს პატარა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, კლასის დამრიგებელს და სკოლის თანამშრომლებს იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და ერთიანობისთვის, რომელიც ამ პროექტში გამოიხატა. თითოეული დარგული ნერგი ჩვენი სკოლის უკეთესი დღევანდელობისა და მომავლის სიმბოლოა.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს ამ ლამაზი პროექტის წარმატებით განხორციელებას.

გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ინიციატივები ქმნის უფრო მწვანე, თბილ, მზრუნველ და ბედნიერ სასკოლო გარემოს.

მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის, შრომის სიყვარულისა და გარემოს დაცვის ღირებულებების განმტკიცებაში.

თითოეული დარგული ნერგი არის ზრუნვის, თანამშრომლობისა და სკოლის სიყვარულის გამოხატულება“, - აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203