„ოკუპირებულ ახალგორში, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა, გასული წლის მსგავსად, კვლავ მძიმეა. 2025 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4 სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 38 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2024 წელს 50 იყო. სკოლებში დასაქმებულია 80 პედაგოგი“, - სახალხო დამცველი ანგარიშში არაერთ გამოწვევაზე საუბრობს.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას 2025 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაუბარებლად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მიენიჭა 164 პირს, რომელთაგან დაფინანსების უფლება მოიპოვა 156 აბიტურიენტმა (143 სტუდენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 13 სტუდენტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან).
ამასთანავე, სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა 2024 და 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული 6-6 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიიღეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისა და განვითარების მნიშვნელობაზე. ამ კუთხით, 2025 წელი დადებითად უნდა შეფასდეს. საანგარიშო პერიოდში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 45 მასწავლებელი გადაამზადა.