
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის VIIIბ კლასმა (კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძე) უჩვეულო ღონისძიება შესთავაზა სასკოლო საზოგადოებას. ღონისძიება, სადაც არ იყო დეკორაციები, კოსტიუმები, მორთულ-მოკაზმული სცენა, სანახაობრივი ნომრები. ყველაფერი იყო ძალიან სადა, გარემო მშვიდი და იყო მოლოდინი... მოსწავლეები სტუმარს ელოდნენ, რომელმაც უყოყმანოდ მიიღო მათი გამოწვევა - „მოსწავლეთა პირისპირ. 35 კითხვა სკოლის დირექტორს“.
ამ უჩვეულო ფორმატის პირველი სტუმარი გახდა N40 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე. ის ყურადღებით უსმენდა და შემდეგ გულდასმით პასუხობდა მოსწავლეთა მრავალფეროვან კითხვებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიღებულმა პასუხებმა ბავშვებს საშუალება მისცა უფრო ახლოს გაეცნოთ სკოლის დირექტორი, არა მხოლოდ როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც დედა, ბებო, მეგობარი, უბრალოდ ადამიანი.
„თქვენი მშობლების რომელი აღზრდის მეთოდი გამოიყენეთ შვილთან მიმართებაში? რა უფრო რთულია დედობა თუ ბებიობა? თქვენი საყვარელი წიგნი? როგორ ისვენებთ დამღლელი დღის ბოლოს და რა არის თქვენთვის ყველაზე კარგი განტვირთვა? რომ არა საქართველო რომელ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას და რატომ? რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც დირექტორობის დროს მიგიღიათ და შემდეგ გინანიათ? როგორი კულინარი ბრძანდებით? გიყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და რომელი კერძი გამოგდით ყველაზე უკეთ? ვისთან უფრო რთულია ურთიერთობა მოსწავლეებთან თუ პედაგოგებთან? დირექტორობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით? როგორი უნდა იყოს ლიდერი? ბავშვობაში სკოლა გიყვარდათ? გყავდათ საყვარელი მასწავლებელი და რა გავლენა მოახდინა მან თქვენზე? რომელი საგანი გიყვარდათ და არ გიყვარდათ სკოლაში სწავლის დროს და რატომ? რას ურჩევთ ახალგაზრდებს , ვისაც განათლების სფეროში მუშაობა სურთ, ღირს დღევანდელი გადასახედიდან? თქვენი წარმატების ფორმულა როგორია? კარგი მეგობრის რა თვისებებს გამოყოფთ, ბევრი მეგობარი გყავთ ? თქვენ როგორი მეგობარი ბრძანდებით? თავიდან რომ იწყებდეთ, რას შეცვლიდით განვლილ ცხოვრებაში?“.... და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო კითხვა დაისვა ამ დღეს და ამომწურავი, ღრმა შინაარსიანი პასუხიც გაეცა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ქალბატონი ნინო არ ჩქარობდა, საკმაოდ ვრცლად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს და მისი პასუხების გულწრფელობაში ბავშვებს წუთითაც არ შეპარვიათ ეჭვი.
რესპოდენტის ყოველი პასუხი იყო რჩევა- დარიგება, ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება, ერთგვარი გაკვეთილი, სწავლება, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვას და სიბერეში უკან მოხედვის არ შერცხვეს.
ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი იყო კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ მე-9, მე-11 კლასის მოსწავლეები, დირექტორის მოადგილე სასწავლო- აღმზრდელობით დარგში- ია ჩინჩალაძე, პედაგოგები მარინა გოროზია, ვალიდა კვირიკაშვილი, თამარ მეზურნიშვილი, სკოლის ბიბლიოთეკარი მარიამ აბესაძე, სკოლის ექიმი ქეთევან უფლისაშვილი.
ბოლოს ქალბატონმა ნინომ მადლობა გადაუხადა ბავშვებს უჩვეულო პროექტში მიწვევისთვის, დალოცა ისინი. დამსწრე მოსწავლეებმაც და პედაგოგებმაც ძალიან მოიწონეს ღონისძიება, რაც ემოციურ სამადლობელ სიტყვებში გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები: