ბარდნალის საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს სპორტული ღონისძიება მიეძღვნა
08-04-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

სკოლაში სპორტის მასწავლებლის - ალუდა ხაბულიანისა და ეკოკლუბეკოლიდერების“ ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიება - „ჩემი ჯანმრთელობა ჩემი უფლება!“

მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ დღის მიზანი - გლობალური ჯანმრთელობის აქტუალური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ყოველწლიურად განსხვავებული, პრიორიტეტული ჯანდაცვის თემატიკის პოპულარიზაცია. მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს კავშირი ფიზიკურ აქტივობასა და მდგრადი მომავლის მშენებლობას შორის.

„სკოლაში ჩატარებული სპორტული ღონისძიება პირდაპირ პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG), რომლებიც მიმართულია ადამიანის კეთილდღეობისა და გარემოს დაცვისკენ.

სპორტი არ არის მხოლოდ შეჯიბრი; ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ფიზიკური აქტივობა ამცირებს არაგადამდები დაავადებების რისკს და ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა სპორტის მასწავლებელ ალუდა ხაბულიანსა და ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ქიმიის პედაგოგ ლამზირა ონიანს, მოსწავლეები კი სიგელებით დააჯილდოვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დაარსების (1948 წ.) აღსანიშნავად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203