ქუთაისის №4 სკოლის ფრანკოფონი მოსწავლეები ფრანგული ენის, კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და კონკურსებს აქტიურად შეუერთდნენ
07-04-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლას მუდამ მაღლა და ღირსეულად ეჭირა ფრანგული ენის ლამაზი ფერები. მან არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და, პედაგოგ მანანა ნაროუშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთო „ფრანკოფონია 2026“-სადმი მიძღვნილ საინტერესო აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მანანა ნაროუშვილი აკადემიური პალმის ორდენის კავალერის ტიტულის მფლობელი გახლავთ. 

კონკურსში - Je lis en français“ მონაწილეობდა VII კლასის მოსწავლე ლავინ ბარბარე იეთიში. გოგონა გამოეხმაურა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ პირველი გამოცემიდან 80 წლის იუბილეს. აღნიშნული კონკურსი შემოთავაზებულ იქნა AGPF-ის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ.

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა ალავიძემ, ბარბარე ძნელაძემ, ნინი კოხრეიძემ, ლიზი შავგულიძემ მონაწილეობა მიიღეს ტესტირებაში - J'aime le français, რომელიც გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკურ-რომანული ფილოლოგიისა და ენათა ცენტრების დეპარტამენტთა ორგანიზებით. მოსწავლეებმა ჟიურის უდიდესი მოწონება დაიმსახურეს. მათ საპრიზო ადგილები მიენიჭათ. დაჯილდოვდა პედაგოგიც.

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ აგრეთვე „ფრანკოფინიის“ კვირეულის დახურვაში. მათ წარმოადგინეს ან როკარის იუმორისტული პიესა - „ნაპოლეონი და მასწავლებელი“ ფრანგულ ენაზე. არც სიმღერები დავიწყებიათ, ცეკვითაც ასიამოვნეს მაყურებელს და კომპეტენტურმა ჟიურიმ მათი როლური თამაშებიც მოიწონა.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ფრანგული ენისადმი ინტერესის გაღრმავებას, კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და მათ ინტეგრაციას მრავალფეროვან კულტურულ გარემოში.

„პედაგოგ მანანა ნაროუშვილისა და მისი მოსწავლეების მონდომება და შრომისმოყვარეობა ნათლად აისახება მიღწეულ შედეგებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიყვარულიც, რომლითაც ისინი ეუფლებიან ფრანგულ ენასა და კულტურას. ეს წარმატებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობა და ინტერესი საუკეთესო შედეგების მიღწევის საფუძველია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203