
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების კონკურსში.
3 აპრილს, სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ინტელექტუალური შეჯიბრის - „რა? სად? როდის?“ მორიგი თამაში გაიმართა.
პირველი თამაში ჩაატარა ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდმა - თათია ბოლქვაძის ექვსეულმა. მეორე თამაში სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა - ელენე გვასალიას ქვსეულმა.
როგორც ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში გვიყვებიან, ძალიან საინტერესო, დაძაბული და ემოციური შეხვედრები შედგა. სექტორ სტუმარში მოწვეულნი იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ნანა თავართქილაძე და არქეოლოგი, ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი და მასწავლებელი - დავით ალანია.
სტუმრების გუნდის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა ლუკა მგელაძე. საუკეთესო კითხვის ავტორი კი გახდა - გიორგი მესხია, სტუდენტი თბილისიდან.
ელენე გვასალიას ექვსეულში საუკეთესო მოაზროვნის ტიტული მოიპოვა ნინი მელქაძემ. გუნდის კაპიტანს კი ყავის და ჩაის სახლმა - „ართომ“ გადასცა 50 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო საუკეთესო კითხვის ავტორი გახდა გიმნაზიის კურსდამთავრებული დუტა ჩიქობავა.
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას სტუმრობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის.
„ჩვენი გიმნაზიის სახელით გულითად მადლობას ვუხდით სკოლა-გიმნაზიას საინტერესო და შემეცნებითი ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ – ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. აღნიშნულმა ღონისძიებამ ჩვენს მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა გამოეჩინათ ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები.
განსაკუთრებით ვაფასებთ თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებას, მეგობრულ გარემოსა და იმ დადებით ემოციებს, რაც ამ დღემ თითოეულ მონაწილეს მოუტანა. ასეთი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების განვითარებაში და მათ მოტივაციაში.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო შეხვედრას ერთად გავატარებთ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მასპინძლობისა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლა-გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: