
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
4 აპრილს, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ელენე ნასარაიამ, ანასტასია მოლაშხიამ და სერგი ორმოცაძემ (ხელმძღვანელი: ინგა მართალიშვილი) მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია „Junior Achievement Georgia“-ს (JA Georgia) სამეწარმეო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ მეწარმეობის ყოველწლიურ სასკოლო ფესტივალში.
სკოლის მოსწავლეთა კომპანიამ - SafeWave, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილ საუკეთესო ხუთეულში გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ნომინაციაში - „წლის საუკეთესო პროდუქტი“ - გაიმარჯვა.
SafeWave წარმოადგენს ინოვაციურ ტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც მცირე ზომის საზღვაო ხომალდების უსაფრთხოების მონიტორინგისთვის შეიქმნა.
პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც GPS მოდულისა და SOS ღილაკის მეშვეობით, კრიზისულ სიტუაციაში უზრუნველყოფს მაშველებისთვის დაშიფრული კოორდინატების ოპერატიულად (წამებში) გადაცემას.
პროექტი პასუხობს საზღვაო ინციდენტების დროს კავშირის წყვეტისა და ლოკაციის ზუსტი განსაზღვრის კრიტიკულ პრობლემას.
მოპოვებული გამარჯვების საფუძველზე, ფინალურ ეტაპზე მოსწავლეთა კომპანია SafeWave ევროპის მოსწავლეთა კომპანიების საერთაშორისო ფესტივალის საგზურისთვის იასპარეზებს.
ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული ქვეყნის სახელით მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ „სამეწარმეო განათლების ფესტივალში“, რომელიც წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 4-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
იხილეთ ფოტოები: