
სკოლებში სამცვლიანი რეჟიმი უარყოფითად აისახება მოსწავლეთა კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველის საპარლამენტი ანგარიშში ვკითხულობთ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამ ცვლაში სწავლების მიზეზი მოსწავლეთა რაოდენობა და სკოლებში სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა.
„აღსანიშნავია, რომ 297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში - სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად მოსწავლეთა დიდი კონტინგენტით არის განპირობებული. მითითებული 22 სკოლიდან 16 შემთხვევაში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა.
საყურადღებოა, რომ ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.