წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მე-10 კლასელთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
01-04-2026

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში მეტად საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

4 მარტს მართლმადიდებლური სკოლის ქიმიის მასწავლებლის - მაია ბარჯაძის ხელმძღვანელობით X ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „ქიმიური საფრთხეები ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი თავიდან აცილების გზები“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ქიმიური ცოდნის გაღრმავება და დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება. საფრთხის შემცველი ნივთიერებების ამოცნობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნის განვითარება.

მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს თემების მოძიებაზე, მოამზადეს პრეზენტაციები და პიქტოგრამები, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენდა საშიშროების ნიშნებსა და უსაფრთხოების წესებს. მათ ისაუბრეს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული იმ ქიმიური საშუალებების შესახებ, რომლებიც მჟავებს, ტუტეებს, ქლორის ნაერთებს შეიცავს. ასევე ტყვიის, ვერცხლისწყლის, რადიოაქტიური ნივთიერებების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.  ისაუბრეს მხუთავი აირით მოწამვლისა და მისი პრევენციისთვის რეკომენდირებული ღონისძიებების შესახებ.

პოსტერების სახით წარმოადგინეს პიქტოგრამები - საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლოები სხვადასხვა ქიმიკატის ეტიკეტზე, რაც მიგვანიშნებს რამდენად საზიანოა ეს ნივთიერება და ამასთან, რა ტიპის დამცავი ეკიპირებაა საჭირო მასთან ურთიერთობისას.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას, საკუთარი და სხვისი უსაფრთხოების მნიშვნელობის გააზრებას. პრეზენტაციის პროცესმა განავითარა მათი კომუნიკაციის, არგუმენტაციისა და საჯაროდ გამოსვლის უნარები.

ღონისძიების მნიშვნელობა შეაჯამა მართლმადიდებლური სკოლის დირექტორმა ნანული წერეთელმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ქიმიის მასწავლებელს - მაია ბარჯაძესა და ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203