
27 მარტს, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.
პროექტის ორგანიზატორები იყვნენ სკოლის ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ნანა ირემაშვილი, ნინო ნასყიდაშვილი, ირინა კირვალიძე, ნინო ნანობაშვილი.
პროექტში მონაწილეობდა სკოლის VIII-XI კლასების 41 მოსწავლე.
პროექტს შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა.
„ვინაიდან პროექტი ეძღვნებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას, ახალგაზრდა თაობა გაეცნო ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის დამსახურებას ერისა და ეკლესიის წინაშე“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტმა, დამსწრე საზოგადოების წინაშე, გააცოცხლა ის გზა, რომელიც განვლო საქართველოში ქრისტიანულმა ეკლესიამ, პირველი საუკუნიდან 21-ე საუკუნემდე. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში, გაიხსენეს ის ღვაწლი, რომელიც გაწიეს ეროვნული იდენტობის დაცვისათვის ბრძოლაში, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის შეწირულმა წმინდანებმა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ეძღვნებოდა სამშობლოსა და ქრისტიანობისათვის თავდადებულ გმირებს, წარმოადგინეს პრეზენტაციები სლაიდშოუების სახით. ღონისძიებას ფონად გასდევდა ქართული საეკლესიო საგალობლები.
„პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეროვნულ-ქრისტიანული მსოფლმხედველობის გაღვივებას და ტრადიციული ღირებულებებით მათი აღზრდის საქმეს“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: