გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ვიზიტი კახეთში 
31-03-2026

ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში დამეგობრებული სკოლების მოსწავლეთა ინიციატივით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლა ესტუმრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლას.

შეხვედრა გამორჩეულად თბილი და საინტერესო იყო - მონაწილეებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გაეცნენ სოფლებისა და სკოლების ისტორიებს და გაუზიარეს გამოცდილება ერთმანეთს.

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასპინძლებისთვის პრეზენტაცია გამართეს და მათემატიკა წარმოადგინეს სრულიად განსხვავებული, შემოქმედებითი რაკურსით, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პედაგოგ თამილა ირემაშვილს მხარდაჭერისა და შრომისთვის, მონაწილე მოსწავლეებს - აქტიურობისა და მონდომებისთვის, მასპინძელ სკოლას კი - გულთბილი მიღებისთვის! „ასევე მადლობა თამარს და ლაშას დახმარებისათვის!“,- დასძენენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, მასპინძლებმა სტუმრებს სოფლის ღირსშენიშნავი ადგილებიც დაათვალიერებინეს. 

„ახალსოფლის საჯარო სკოლის ჭკვიანმა და ყურადღებიანმა მოსწავლეებმა გაგვაცნეს, დაგვათვალიერებინეს სოფლის მნიშვნელოვანი ადგილები. გულით მოგვიყვნენ სოფლის ისტორიას და გვესაუბრნენ გიორგობის ტრადიციებზე.  მოგვიწყვეს დირექციასთან ერთად ექსკურსია სტანდარტებთან შესაბამის სასკოლო სივრცეში. მადლობა ამ თბილი მასპინძლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კახეთში ვიზიტი, ადგილობრივი ღირსშესანიშნავი ადგილების სტუმრობით გაგრძელდა. 

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კუთხე:

ყვარელში - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სადაც კვლავ იგრძნობა დიდი მწერლის სული;

ფულის მუზეუმი - დროის გზაზე გამოკიდებული ქართული ეკონომიკური ისტორია;

მარჯანიშვილის მუზეუმი - თეატრისა და ხელოვნების შთაგონების წყარო;

მეღვინეობა „ხარება“ - ქართული ღვინის ტრადიციების ცოცხალი ამბავი, უნიკალური ღვინის გვირაბებით;

შემდეგ კი გზა თელავისკენ გაგრძელეს

ნეკრესი - სულიერი სიმშვიდისა და საუკუნეთა სიბრძნის ადგილი;

გრემი - ისტორიის ცოცხალი მემკვიდრეობა;

თელავში კი მოინახულეს:

ერეკლე II-ის ძეგლი - სამშობლოს ერთგულების სიმბოლო;

მრავალსაუკუნოვანი ჭადარი - დროის მდუმარე მოწმე...

„ეს დღე იყო ცოდნით, ემოციითა და სიამაყით სავსე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რა მდიდარი ისტორია და კულტურა გვაქვს, განსაკუთრებული მადლობა მასწავლებელ თამილა ირემაშვილს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203