
12 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. ამ უდიდესი მოვლენის წინმსწრები დღეები - ბზობა და ვნების კვირა - სავსეა სულიერი დატვირთვით და ტრადიციული რიტუალებით.
დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივია, მრევლს უჩნდება არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელთაც სწორი და ამომწურავი პასუხები სჭირდებათ. როგორ უნდა მოვემზადოთ ჯეროვნად აღდგომისთვის? როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს რელიგიურ თემებზე? რა ვუყოთ ძველ ბზას და რამდენად მართებულია აღდგომას საფლავზე გასვლა? - აღნიშნულ თემებზე etaloni.ge-სთან ქობულეთის წმინდა კირიონ კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელი, დეკანოზი გაბრიელი (ჟღენტი) საუბრობს:
- როგორ უნდა მოვემზადოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის?
- აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ეს არის მთავარი ფუნდამეტი ჩვენი რწმენის, ამიტომ ამ დღეს ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზედ, რომ რაოდენ დიდი სიხარულია ქრისტეს მიერ სიკვდილის დამარცხება და სიცოცხლის მარადიული გამარჯვება, ამიტომ ამ ბრწყინვალე დღეს ადამიანი ემზადება სინანულით, რათა იგემოს ჭეშმარიტი სიხარული.
- თუმცა მანამდე ბზობაა და ამ დღეს ყოველთვის ახლავს კითხვა - „სად მიგვაქვს ძველი ბზა“?
- ბზობის დღესასწაულზე ბზა მიგვაქვს ტაძარში, რომელიც შემდეგ იწვება სუფთა ადგილას.
- მამაო, რა უნდა გაითვალისწინონ ოჯახებმა ვნების კვირაში?
- უნდა ჩავუღრმავდეთ უფლის მიერ დიდ მსხვერპლს, რომელიც ჯვარცმით განახორციელა ჩვენი გადარჩენისთვის.
- რა დატვირთვა აქვს პასკასა და შეღებილ კვერცხს?
- პასკა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს, როგორც სიცოცხლის პურს, ხოლო წითელი კვერცხის ისტორია კი ასეთია: წმ. მარიამ მაგდალინელი მივიდა იმპერატორთან და მიულოცა აღდგომა, თან კვერცხი ეჭირა კალათით. იმპერატორმა კი უთხრა, როგორც ეს თეთრი კვერცხი გაწითლდება, ისე არ აღსდგა ქრისტეო და მყისიერად თეთრი კვერცხი გაწითლდა. აქედან მოდის ეს ტრადიცია.
- ეკლესიურად, სააღდგომოდ ოჯახში თუ მზადდება რაიმე კერძი და როგორ უნდა შევხვდეთ დღესასწაულს, თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ვახერხებთ?
- არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული სააღდგომო კერძი. ამ დღეს ტაძარში მისვლა აუცილებელია და ყველა საზრუნავი უნდა გადავდოთ, მაგრამ თუ ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს, სასურველია მღვდელი მოიწვიოთ სახლში და სიხარულით ეზიაროთ ქრისტეს წმინდა ნაწილებს.
- იქნებ რამდენიმე რჩევა გაუზიაროთ მასწავლებლებს - როგორ უნდა ესაუბრონ მოსწავლეებს რელიგიურ თემებზე?
- მასწავლებლებმა უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ღმერთი არის სიყვარული და რომ ამ სიყვარულიდან ქრისტეშობას დაიბადა სამყაროში ღმერთი, იცხოვრა ჩვენს შორის, განიცადა ჯვარცმა, რათა თითოეული ჩვენგანისთვის მოეტანა მარადიული ცხოვრება.
- შეიძლება თუ არა, მარხვა შეინახოს არასრულწლოვანმა? როგორ აისახება ეს მის ჯანმრთელობაზე?
- არასრულწლოვანისათვის მარხვა არ არის აუცილებელი, სასურველია ოთხშაბათს და პარასკევს იმარხულოს.
- შეიძლება თუ არა აღდგომას საფლავზე გასვლა - ეს კითხვა წლიდან წლამდე აქტუალობას არ კარგავს?...
- აღდგომას საფლავზე არ გავდივართ იმიტომ, რომ ესაა სიკვდილზე გამარჯვების დღე, ამიტომ ვიკრიბებით ეკლესიაში და ერთად ვზეიმობთ ქრისტეს მიერ სიცოცხლის გამარჯვების დღეს.
- როდისაა მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები?
- მიცვალებულთა ხსენების დღეა აღდგომიდან მომდევნო კვირის სამშაბათი.
- ტრადიციულად, წინასააღდგომოდ ოჯახებში ჯეჯილს ახარებენ - სად მიგვაქვს ახალი სიცოცხლის სიმბოლო დღესასწაულის შემდეგ?
- დღესასწაულის შემდეგ გამხმარი ჯეჯილი მიგვაქვს ტაძარში, რომელიც შემდეგ სუფთა ადგილას დაიწვება.