
თბილისის N132 საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - თამარ ნათაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი „სათაგური“, რომელიც ვაჟა-ფშაველას ცნობილი მოთხრობის მიხედვით დაიდგა.
წარმოდგენამ, რომელიც ესტატე პაპას სხვენზე მცხოვრები წრუწუნების თავგადასავალზე მოგვითხრობს, დიდი მოწონება დაიმსახურა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის.
პატარა მსახიობებმა ოსტატურად გადმოსცეს პერსონაჟების - ფიცხელას, ცქმუნასა და სხვების ემოციები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მეგობრობისა და ერთგულების მნიშვნელობას.
ღონისძიების საგანმანათლებლო მიზნებზე საუბრისას სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას, იმუშავეს მეტყველებაზე, სცენურ მოძრაობასა და გუნდურ პრინციპებზე.
ღონისძიება დასრულდა მხურვალე ოვაციებით.
ღონისძიების ხელმძღვანელი ამაყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობით და მადლობას უხდის სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის.
„დღეს სცენა უბრალოდ სცენა არ იყო. ის იყო ამ პატარა მარგალიტების დიდი ზღაპარი, სადაც თითოეულმა ბავშვმა თავისი წილი სინათლე აანთო. მათი თვალები ისე ანათებდა, თითქოს სიტყვები ცოცხლდებოდნენ და თითოეულ მოძრაობაში იგრძნობოდა: სითბო, შრომა, მეგობრობა, პატიება, მიტევება და სიყვარული…
ეს არ იყო უბრალოდ სპექტაკლი - ეს იყო ემოცია, რომელიც დიდხანს დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.
მადლობა ყველას, ვინც ამ ლამაზი დღის ნაწილი გახდა. მე ამაყი ვარ და ბედნიერი! მადლობა უფალს, ამ საოცარი დღისთვის…
დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ მიყვარს ჩემი საქმე და რატომ ვერ მოვხუჭე თვალი გასულ ღამეს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს საოცარ მშობლებს, რომ არა მათი თანადგომა, ეს დღე ვერ შედგებოდა.
გულწრფელი მადლობა ჩემი სკოლის დირექციას, ყველგან და ყოველთვის გვერდში დგომისათვის და მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.