
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნება წახალისებულია, მათი მსოფლმხედველობისა და თვალსაწიერის გაფართოებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე: „ევთანაზია − მკვლელობა თუ თანაგრძნობის აქტი?!“
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ევთანაზია − სიცოცხლის დასასრულის საკითხი, რომელიც უკავშირდება ადამიანის ღირსებას, ტანჯვასა და არჩევანის თავისუფლებას − თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და სადავო თემად რჩება. სწორედ ამ რთული დილემის გააზრება იყო შეხვედრის მთავარი დანიშნულება.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ეთიკური საკითხების მრავალმხრივ გაანალიზებასა და განსხვავებული მოსაზრებებისადმი პატივისცემის გაღრმავებას.
შეხვედრის დასაწყისში ნაჩვენები იყო სპეციალური სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც ასახავდა რეალურ ისტორიას − ადამიანისას, რომელმაც სიცოცხლის დასრულება ევთანაზიის გზით გადაწყვიტა. სიუჟეტი მოიცავდა ინტერვიუებს როგორც თავად სუბიექტთან, ისე მის მკურნალ და შესაბამისი პროცედურის განმახორციელებელ ექიმებთან, რამაც თემა კიდევ უფრო ღრმად და ემოციურად წარმოაჩინა.
შემდგომ ეტაპზე, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ესეები, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა მათი ინდივიდუალური პოზიციები − ევთანაზია აღიქმება როგორც მკვლელობა თუ ჰუმანური, თანაგრძნობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ღია დისკუსია, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი და მოესმინათ ერთმანეთისთვის.
„დისკუსიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევთანაზია კაცობრიობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე რთული ეთიკური დილემაა − საკითხი, რომლის მიმართაც ერთიანი პასუხი არ არსებობს და, ალბათ, ვერც იარსებებს“, - გვეუბნებიან სკოლაში
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა „მოქალაქეობის“ პედაგოგი ირაკლი პაპავა.
იხილეთ ფოტოები: