ბაღების ნაწილს ხარჯები მოაკლდება, სკოლების დაფინანსება გაიზრდება - დეტალები კანონპროექტიდან
26-03-2026

სექტემბერში პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეხება, ვინც 6 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გახდება - თუმცა აღნიშნული მხოლოდ  მშობლის გადასაწყვეტი იქნება - ამ  ერთჯერად გარდამავალ დებულებას პარლამენტი დაამტკიცებს. კანონპროექტში კი წერია, რომ ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს: სკოლების დაფინანსების გაზრდა გახდება საჭირო, ხოლო ბაღების ნაწილს ხარჯები მოაკლდება.

„კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, 6 წლის ასაკის, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვთა პირველ კლასში მიღების შემთხვევაში, პირველკლასელთა რაოდენობა გაიზრდება საშუალოდ 8000 მოსწავლით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026- 2027 სასწავლო წელს საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება, კერძოდ, 2026 წლისთვის - 7,560.6 ათასი ლარი, რომელიც მოიცავს: ვაუჩერულ დაფინანსებას - 504.0 ათასი ლარი, სკოლების აღჭურვას დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: საშუალოდ 8000 ბუკს მოსწავლეებისთვის და საშუალოდ 200 კომპიუტერს პირველი კლასის დამრიგებლისთვის (კომპიუტერები ყოველ წელს გადაეცემათ პირველი კლასის დამრიგებლებს, რომლებიც სადამრიგებლო კლასს მიყვებიან V კლასამდე) - ერთეულის ღირებულება 738 ლარი - ბიუჯეტი 6,051.6 ათასი ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი - 320.0 ათასი ლარი, მერხი და სკამი (მერხები და სკამების შესყიდვა ხორციელდება დანაკლისისა და ცვეთის შესაბამისად. ვინაიდან, 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სკოლაში მხოლოდ 6 წლის ბავშვები მოვიდოდნენ, შევსების საჭიროება დაითვალა ამ მოცემულობით) – 685.0 ათასი. აღნიშნული დეტალური ჩაშლა მოიცავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასიგნებებში ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას და არ გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფას. ამასთან, ნაწილობრივ შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ვინაიდან იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აღარ ივლიან 9 საათიანი მომსახურების მქონე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში, არ იქნება საჭირო კვების ხარჯის გაწევა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203