
ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლასა და ქუთაისის N17 საჯარო სკოლას შორის გაიმართა ერთობლივი ონლაინ შეხვედრა, პლატფორმა Microsoft Teams-ის გამოყენებით. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა ფრანგული ენის პოპულარიზაციას, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე წარადგინეს საკუთარი თავი, რაც დაეხმარა მათ საკომუნიკაციო უნარების პრაქტიკაში გამოყენებასა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
შემდგომ გაიმართა შემეცნებითი ქვიზი საფრანგეთის შესახებ, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ფრანგულ კულტურაზე, გეოგრაფიასა და ღირსშესანიშნაობებზე. აქტივობამ მეგობრული გარემო შექმნა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მათ მოტივაციას.
ღონისძიების ფარგლებში ასევე შეიქმნა „მეგობრობის კედელი“, სადაც მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი ემოციები, სურვილები და მხარდაჭერა ერთმანეთის მიმართ.
დასასრულს გაიმართა მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, რაც მათი ჩართულობისა და მიღწევების აღიარებას წარმოადგენდა.
„აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და მოსწავლეებში ფრანგული ენის და კულტურისადმი ინტერესის ამაღლების მიმართულებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პედაგოგებს - ნათია ბუხაიძესა და ნინი მანაგაძეს შემოქმედებითი მიდგომებისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: