ოზურგეთელი მასწავლებელი მოსწავლის ცემის გამო სასამართლომ დამნაშავედ სცნო - ქორეოგრაფმა ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
17-03-2026

ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ორბის“ ხელმძღვანელი კირილე (კიკალო) ყალიჩავა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დამნაშავედ სცნო. ქორეოგრაფს, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, დაეკისრა.

შემთხვევა გასული წლის დეკემბრის თვეში მოხდა. განაჩენის მიხედვით ბრალდებულმა კირილე ყალიჩავამ თავისი მოსწავლის წინასწარი შეცნობით, მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, განაწყენებულმა იმით, რომ არასრულწლოვანმა არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა შეეწყვიტა ბავშვებთან თამაში, წვდა მას თმებში და ძლიერად დაქაჩა. ამის შემდეგ კირილე ყალიჩავამ ის დააგდო იატაკზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაიწყო ტირილი და შევიდა გამოსაცვლელ ოთახში, სადაც მას შეყვა კირილე ყალიჩავა და კვლავ განახორციელა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, კეფის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, დააგდო იატაკზე და მარცხენა ლოყაზე დაარტყა ხელი. კირილე ყალიჩავას მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე, სახისა და კისრის არეში განუვითარდა მრავლობითი დაზიანებები.

განაჩენის მიხედვით, აღნიშნული ქმედება დასტურდება როგორც ბრალდებულის აღიარებით, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით და ოთხი მოწმის გამოკითხვის ოქმებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203