უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ასაჯაროებს
18-03-2026
განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ექსპერტებთან ერთად უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და მექანიზმები განიხილა. უწყება საკითხზე წლებია მუშაობს, დეტალები არც ამჟამად გამოუქვეყნებია, თუმცა გავიგეთ, რომ პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არიან ჩართულნი. 
 
სამინისტროს მიერ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციდან ცნობილი ხდება: „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q)“ მართვის ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მომუშავე ექსპერტებთან ერთად, I2Q პროექტის ფარგლებში შემუშავებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და მექანიზმები განიხილეს. მათ შორის არის საბაზო დაფინანსების მოდელი, რომელიც სწავლის განსხვავებული საფასურების იდენტიფიცირებას გულისხმობს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასა და აკადემიური პროგრამების სპეციფიკური საჭიროებების აღიარებაზეა ორიენტირებული.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის შეთავაზებაზე, რაც, თავის მხრივ, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
 
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელზე, რომელიც სახელმწიფო პრიორიტეტებსა და დაკვეთას გაითვალისწინებს. საუბარი შეეხო დაფინანსების ერთ-ერთ ინსტრუმენტს - კონკურენტული ინოვაციის ფონდს (CIF), რომელიც სისტემაში 2022 წლიდან ფუნქციონირებს.
 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და სამინისტროს თანამშრომლებმა.
 
ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ უმაღლესი განათლების დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების ფორმირებაზე.
 
სამინისტრო აგრძელებს მუშაობას დაფინანსების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხილვის შემდგომ ეტაპზე პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ჩაერთვებიან“. 
 
როგორც ცნობილია, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წელს სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში მხოლოდ დაფინანსებით ჩაირიცხებიან. მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ ნაწილობრივი გრანტი ან თავად გაიდაიხადონ სწავლის საფასური. ყველა სტუდენტი, რომელიც უმაღლესში ჩააბარებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. ამ ცვლილებების ფონზე კი უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს დაფინანსების საკითხი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203