
სკოლა „ანაბასისიში“ წარმატებით განხორციელდა ინტეგრირებული სასკოლო პროექტი მოქალაქეობასა და ხელოვნებაში -„შორაპნის ციხე – ძველი არქიტექტურული ძეგლი და ისტორიის სადარაჯოზე მდგომი ციხესიმაგრე“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ხელოვნებას, არქიტექტურას, კულტურას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და შემოქმედებით ხედვას.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ შორაპნის ციხის ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და საკუთარი როლი ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა:
I ეტაპი – „შორაპნის ციხე – დროის მფარველი“.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფოტო და ვიდეომასალა, იმსჯელეს კითხვებზე — რას გვიყვება ქვა? რას ნიშნავს ციხე ჩვენი ისტორიისთვის? ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები: ისტორიკოსები, არქიტექტორები, დიზაინერები და მედია-მრჩევლები.
II ეტაპი – „შორაპნის ციხე – ჩვენი კულტურის სარკე“
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ციხის მდებარეობის, ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ.
მოსწავლეები იმყოფებოდნენ შორაპნის ციხეზე, სადაც თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაუტარეს თანასკოლელებს.
მოსწავლეებმა გადაიღეს ფილმი, მათ აისრულეს ოცნება, იმოგზაურეს დროში და ფარნავაზ მეფეს შეხვდნენ, რათა თავიანთი მადლიერება პირადად მოეხსენებინათ მეფისთვის.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან და დეტალური ინფორმაცია მიიღეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლებზე.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე, ხოლო ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს ესკიზები, პოსტერები, მაკეტები და ციფრული ნამუშევრები.
III ეტაპი – „ჩვენი წვლილი კულტურის შენარჩუნებაში“
პროექტი დასრულდა საჯარო პრეზენტაციითა და გამოფენით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და გამოხატეს მოქალაქეობრივი პოზიცია კულტურული ფასეულობების დაცვის მნიშვნელობაზე.
პროექტის სლოგანები:
• „შორაპანი – დროის მფარველი ქვა“
• „ვიცოდე ჩემი კულტურა – ნიშნავს ვიცოდე საკუთარი „მე“
• „შეინახე წარსული, რომ გქონდეს მომავალი“
• „შორაპანი – დროის სადარაჯოზე მდგომი ციხესიმაგრე!“
პროექტის შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ წარსულის ნაწილი არ არის — ის ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების საფუძველია.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მრავალფეროვანი რესურსები- ფილმი, პრეზენტაცია, ანიმაციები, საინფორმაციო ბროშურები, მაკეტები, მხატვრული ნამუშევრები -აიტვირთა სოციალურ ქსელში და იმედი გვაქვს, დიდ დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ პირს.
როგგორც სკოლაში გვეუბნებიან, შორაპნის ციხე მათთვის იქცა შთაგონების წყაროდ და მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ისტორიული ძეგლი გახდეს ახალი თაობის პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი ხედვის საფუძველი.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგები ნანა გიორგაძე და თეა სამხარაძე.
„ვულოცავთ მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებულ და შთამბეჭდავ პროექტს!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგების შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტო ვიდეომასალა:
შორაპნის ციხე - პედაგოგ ნინო გიორგაძის მიერ შექმნილი ანიმაცია
სადაც ოცნება ხვდება ისტორიას მოსწავლეების შექმნილი ფილმი
მოგზაურობა შორაპნის ციხეზე- მოსწავლეების შექმნილი ანიმაციური ფილმი
მოგზაურობა შორაპნის ციხეზე