რა ვალდებულებები აქვს მასწავლებელს სტუდენტთა წინაშე 
18-03-2026

პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსში განსაზღვრულია, როგორი ურთიერთობა და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს პედაგოგს სტუდენტთან.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებელი ვალდებულია პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს მოექცეს ღირსეულად და პატივისცემით. უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე.

პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან ურთიერთობისას ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას;

ბ) შეიმუშაოს სწავლებისა და შეფასების ობიექტური და ინდივიდუალური მიდგომები, ისე რომ დაცულ იქნეს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ღირსება;

გ) უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნისა;

დ) მშვიდობიანი გზით მართოს კონფლიქტები ან კონფლიქტური სიტუაცია, ხოლო პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხრიდან არაეთიკურ ქცევაზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

ე) არ გამოიყენოს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შესაძლებლობები/რესურსი პირადი მიზნებისთვის;

ვ) დაიცვას პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

ზ) ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ფიზიკურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებას;

თ) პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს შეუქმნას უსაფრთხო, ინკლუზიური და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო, მათ შორის  სწავლების მეთოდებისა და საგანმანათლებლო რესურსების ადაპტირების/მოდიფიცირების პროცესში მონაწილეობის გზით და უზრუნველყოს მათი უნარების განვითარება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის პრინციპის გათვალისწინებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203