70 წელი 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-03-2026

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის საქართველოს ისტორიის შემსწავლელი კლუბის წევრებმა პედაგოგ იოსებ აფაქიძესთან ერთად, მშრალ ხიდთან, პატივი მიაგეს 1956 წლის 9 მარტს, საბჭოთა საოკუპაციო ჯარის მიერ დახვრეტილი ქართველი დემონტრანტების ხსოვნას.

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.

მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციის სახით წარმოადგინეს და გააცოცხლეს საქართველოს ისტორიის ეს ავბედითი მონაკვეთი და მემორიალურ ქვასთან, რომელიც რამოდენიმე ათეული წელია გვაუწყებს, რომ ამ ადგილას აიგება დაღუპულ დემონსტრანტთა მემორიალი - სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ტრაგიკული დღე, როდესაც 70 წლის 9 მარტს საბჭოთა საოკუპაციო ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში, დღევანდელი დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სტალინის ძეგლთან შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ანტი-სტალინური პოლიტიკის საპასუხოდ გაიმართა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, მსხვერპლი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ადამიანამდე მერყეობს.

9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა საბჭოთა სისტემის შიგნითვე და მის წინააღმდეგ. შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ამ დღიდან რამდენიმე თვეში ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააკავებენ ორგანიზაცია - „გორგასლიანის“ წევრებს - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვებს, რაც ახალი ეროვნული მოძრაობის პირველი ნიშანი გახდება.

„ღმერთმა აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ღირსების დაცვისათვის დაღუპული ახალგაზრდები“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203