„სიცოცხლისათვის, ჩემო დედა, მადლობას გიხდი“ - ითხვისის N1 საჯარო სკოლის მე-5 - მე-6 კლასელებმა ძვირფას ქალბატონებს ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი თბილი და ემოციური ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მეხუთე-მეექვსე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება კი მოამზადეს კლასების დამრიგებლებმა ეკა იაკობიძემ და მარიკა კურტანიძემ.

საღამო, განსაკუთრებული სათაურით - „სიცოცხლისათვის, ჩემო დედა, მადლობას გიხდი“ - მიეძღვნა იმ ადამიანებს, ვინც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სითბოსა და სიყვარულის წყაროა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში. მათ გაიხსენეს ცნობილი მწერლებისა და მოაზროვნეების გამონათქვამები დედაზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოხატავს ამ სიტყვაში მოქცეულ უსაზღვრო სიყვარულსა და მადლიერებას.

ქართულ ტრადიციასაც შეეხო ბავშვების სიტყვა - დედისადმი ნათქვამი თბილი სადღეგრძელოები, რომლებიც ჩვენს კულტურაში განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ნაწილი იყო პატარა სცენები, სადაც ბავშვებმა იუმორით წარმოაჩინეს თანამედროვე დედის ყოველდღიური ყოფა - მისი მუდმივი ზრუნვა შვილებზე, დაუსრულებელი საქმეები და მაინც უცვლელი სითბო. ეს იუმორისტული ეპიზოდები მაყურებელში ღიმილსაც იწვევდა და სიყვარულით სავსე ემოციებსაც. მოსწავლეთა შესრულებაში განსაკუთრებით გამოიკვეთა დედის სხვადასხვა სახე: დედა აღმზრდელი, რომელიც შვილს ცხოვრების გზას უჩვენებს; დედა გამზრდელი, რომელიც სიყვარულითა და მოთმინებით აყალიბებს მომავალს; დედა სიკეთე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე სითბოსა და თანადგომას გვჩუქნის. და ბოლოს, ყველა სიტყვა ერთ მარტივ და მარადიულ ჭეშმარიტებაში გაერთიანდა — და მაინც დედა… ის არის სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება, ლოცვა, რომელიც მუდამ გვიცავს და ძალა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვამაგრებს.

ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი მაყვალა ნოზაძე, რომელმაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა ასეთი თბილი და ემოციური საღამოს შექმნისათვის. მან განსაკუთრებულად აღნიშნა ბავშვების გულწრფელი დამოკიდებულება და ის სითბო, რომელიც ამ ღონისძიებამ ყველას აგრძნობინა. მშობლებმაც მადლიერება გამოხატეს. მათი თქმით, ასეთი ღონისძიებები ბავშვებში სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების გრძნობას კიდევ უფრო ამტკიცებს. ბევრმა დედამ აღნიშნა, რომ ეს დღე მათთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ემოციური გახდა.

„ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედისადმი მადლიერება მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება — ის ყოველდღიურ სიყვარულსა და პატივისცემაში უნდა იგრძნობოდეს. ამ ლამაზმა დღემ ხელი შეუწყო ბავშვებში ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას, დედის შრომის დაფასებას და თაობებს შორის სითბოსა და ურთიერთგაგების კიდევ უფრო განმტკიცებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203