
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლის - მანუ სურმანიძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
V კლასის მოსწავლემ თბილისში, დიღმის ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მოსწავლეს კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური წვრთნიან.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას დიდი სიყვარულით ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სიხარულითა და დიდი სიამაყით ვულოცავთ სამთაწყაროს საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეს მანუ სურმანიძეს, რომელმაც მიმდინარე წლის 27-28 თებერვალს ქალაქ თბილისში, დიღმის ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირზე ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია.
32 კილოგრამ წონით კატეგორიაში მანუ სურმანიძე ტურნირის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა!
ეს გამარჯვება არის შრომის, მიზანდასახულობის, დისციპლინისა და უდიდესი მონდომების ნათელი შედეგი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე ასეთი ღირსებითა და წარმატებით ასახელებს, როგორც სამთაწყაროს საჯარო სკოლას, ისე მთელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს.
სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური მთელი გულით ულოცავენ მანუს ამ დიდ გამარჯვებას, უსურვებენ ჯანმრთელობას, მრავალ წარმატებას, წინსვლასა და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ცხოვრების და სპორტის გზაზე.
განსაკუთრებულად ვულოცავთ მანუს მშობლებს, რომელთა თანადგომა და სიყვარული უმნიშვნელოვანესია ასეთი წარმატების მისაღწევად.
ასევე დიდ მადლობას და გულწრფელ მილოცვას ვუძღვნით მწვრთნელებს კახა წიკლაურსა და ტარიელ ბექაურს, რომელთა თავდადებული შრომა, პროფესიონალიზმი და ზრუნვა ამ გამარჯვების მტკიცე საფუძველია.
მანუს ეს წარმატება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მონდომება, შრომა და მიზნისკენ სწრაფვა ყოველთვის ფასდება და გამარჯვებამდე მიჰყავს ადამიანი.
ვულოცავთ ჩვენს პატარა ჩემპიონს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
გისურვებთ კიდევ ბევრ ოქროს მედალს, ახალ მწვერვალებს და დიდ მომავალს!
სამთაწყაროს საჯარო სკოლა ამაყობს შენით, მანუ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: