„ვიმედოვნებთ, მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე საუბრობენ
11-03-2026

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მომავალ სასწავლო წელს ყველა საჯარო სკოლის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სასკოლო ფორმები ეცმევათ - „სასკოლო ფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას, სასწავლო დაწესებულების მიმართ მიკუთვნების განცდას, მოსწავლეთა შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვის შესაძლებლობის შემცირებას”, - წერია კონცეფციაში.

რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ სკოლაში ფორმის დაწესებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელები - გთავაზობთ დირექტორების პოზიციას:

ნონა რატიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასკოლო ფორმების დაწესება ნამდვილად არ არის ცუდი გადაწყვეტილება. მოსწავლეები მიეჩვევიან რომ სკოლა არის ადგილი, სადაც წესრიგი და ორგანიზებულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ დაწყებით საფეხურზეა ეს ინიციატივა დანერგილი, ვიმედოვნებ, რომ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებსაც შეეხებათ მალე. ვინაიდან მაღალი კლასის მოსწავლეებს უფრო აქვთ ხოლმე სასკოლო სტილიდან ამოვარდნა და შეუსაბამო ვიზუალით სკოლაში სიარული, ამიტომ სასკოლო ფორმები მათთვისაც საჭიროა. 

ნათელა სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის დირექტორი:

სიახლე, რომელიც მომავალი წლიდან ინერგება სკოლებში ძალიან სწორ და დროულია. სასკოლო ფორმები მოსწავლეებში შეამცირებს ბულინგს. ხშირია შემთხვევები როცა ვიზუალის, ბრენდული ტანისამოსის გამო მოსწავლეები ერთმანეთს დასცინიან, აბულინგებენ, ხშირად მშობლებს შორისაც კი არის ამის გამო დაპირისპირება, შესაბამისად ვიმედოვნებ სასკოლო ფორმა, რომელიც ყველასთვის ერთნაირი იქნება ამ პრობლემას ბოლომდე თუ არ აღმოფხვრის, მინიმუმამდე დაიყვანს. 

ნატო სუბარი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო  სკოლის დირექტორი:

ცვლილებების დამტკიცების შემდგომ ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში გამოვკითხეთ სასკოლო თემი და მინდა გითხრათ რომ თითქმის ყველასგან დადებითი შეფასება მივიღეთ. მშობლებიც, მოსწავლეებიც და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, ბავშვებს განსაკუთრებით აინტერესებთ როგორი იქნება ფორმა. ვიმედოვნებთ რომ ეს იქნება თანამედროვე სტილის, ლამაზი და კომფორტული სასკოლო ფორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203