
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა, მარიამ ბრეგვაძემ, დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 კლასელები, რომლებმაც დედებს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის მომენტი, როდესაც სიმღერის ფონზე ბავშვებმა დედებს გვირგვინები დაადგეს და ვალსი აცეკვეს. დედები სიყვარულით ეხუტებოდნენ შვილებს, ხოლო დარბაზში მყოფ თითოეულ ადამიანს თვალებში ბედნიერებისა და სიყვარულის სხივი ედგა.
ბავშვებმა სითბო და მადლიერება საკუთარი დამრიგებლის მიმართაც გამოხატეს - მათ მარიამ ბრეგვაძესაც დაადგეს გვირგვინი, როგორც სკოლაში მათთვის მეორე დედას.
ასევე სიმბოლურად გვირგვინი დაადგეს სკოლის დირექტორსაც, რითაც გამოხატეს პატივისცემა და მადლიერება. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედის განსაკუთრებულ როლს ოჯახისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დღე სავსე იყო სითბოთი, სიხარულითა და ცრემლნარევი ემოციით.
„დედის დღისადმი მიძღვნილმა ამ ლამაზმა საღამომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა როგორც მოსწავლეებზე, ისე მშობლებზე და იქცა სიყვარულითა და მადლიერებით სავსე დღედ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: