
დალი შუკაკიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელია, რომლის პროფესიული გზა ბავშვების სიყვარულმა განსაზღვრა.
მისთვის პედაგოგობა მხოლოდ პროფესია არ არის - ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც მოსწავლის განვითარებასა და მომავალს უკავშირდება.
თუ რა როლი აქვს სკოლას ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე, როგორ ყალიბდება მოსწავლის პასუხისმგებლობა და რა უბიძგებს მას წარმატებისკენ - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი დალი შუკაკიძე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გვიზიარებს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- მას ვაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, ვუხსნით მის ქმედებებსა და შედეგებს შორის
კავშირს. ვუქმნით ისეთ გარემოს, სადაც შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და შეცდომებიდან სწავლა. პასუხისმგებლობა ყალიბდება არა მხოლოდ მოთხოვნით, არამედ ნდობით, მაგალითის მიცემით და თანმიმდევრული მხარდაჭერით.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- თანადგომა და მოტივაციის გამაძლიერებელი გარემო, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სწავლის პროცესში მიღებული დადებითი უკუკავშირი. როდესაც გრძნობს ნდობას, სამართლიან მიდგომას და პირად პასუხისმგებლობას, უფრო აქტიურად ისწრაფვის განვითარებისა და წარმატებისკენ.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- კრიტიკული აზროვნების, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარს, რათა შეძლოს რეალურ ცხოვრებაში წარმატებით დამკვიდრება და განვითარება.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ქმნის მხარდამჭერ და უსაფრთხო გარემოს, აძლიერებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს და ხელს უწყობს როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც ...
- იგი დაკავშირებულია მოსწავლის ინტერესებსა და რეალურ ცხოვრებასთან, მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში. სასწავლო გარემო უქმნის მოტივაციას.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს ...
- არის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება, ეს უნარები ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის გააზრებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენებაში.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- იმ გარემომ, რომ გავიზარდე პედაგოგის ოჯახში. ბავშვობიდანვე ვხედავდი ამ პროფესიის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას. ასევე ყოველთვის მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა.