
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
X-XII კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგის ორგანიზებით, ჩაატარეს საინტერესო კონფერენცია და გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ღირსეული დღე - 1921 წლის 25 თებერვალი.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ამ დღეს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს მოიპოვა. საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ ქვეყნის ოკუპაციამ დაასრულა საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობა.
თუმცა 25 თებერვალი მხოლოდ ოკუპაციის თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს თავისუფლების ფასს, თავდადებას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე არ დაინანეს.
მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგებზეც ისაუბრეს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საუბრობენ ახალგაზრდები - მომავალი თაობა. ისტორიის ცოდნა გვაძლევს ძალას, რომ დავიცვათ სახელმწიფოებრიობა, ღირსება და თავისუფლება.
დღევანდელი კონფერენცია იყო არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების გახსენება, არამედ გააზრება - რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და რატომ არის მისი დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს პატრიოტულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო